ყვარელში ,,ილიაობას” აღნიშნავენ
ყვარელში ,,ილიაობას” აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები დილიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის და ,,ილიას ტბის” მიმდებარე ტერიტორიებზე იმართება.
ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილია სივრცეები ღვინის დეგუსტაციისთვის, სამეწარმეო მარკეტისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენისთვის.
,,ღონისძიებები დილით ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმიდან დაიწყო. გაიმართა ხატვის კონკურსი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით, ჩატარდა ფოლკლორული ცეკვებისა და სიმღერების კონცერტი, გარდა ამისა, გაიხსნა ,,ზედაშეს ფესტივალი” და მოხდა ილიას სახელზე დაწურული ღვინის ქვევრის გახსნა.
„ილიას ტბაზე“ ღონისძიებები კი 12:00 საათიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ფაცხებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სხვა. ბავშვებისთვის მოწყობილია ატრაქციონები და გასართობი კუთხეები.
ღონისძიებების მიწურულს მოხდება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, 17:00 საათზე კი დაგეგმილია თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტი ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით.
გარდა ამისა, 13:00 საათიდან ღონისძიებების დასრულებამდე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურება ილიას ტბის მიმართულებით”,- განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.