დედოფლისწყაროში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირის გათავისუფლების მოთხოვნით თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენლის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები დაკავებულის გათავისუფელების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და ძალოვან უწყებებს მიმართავენ.
მათი თქმით, მაჭარაშვილმა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა და საზოგადოებისგან მისი იზოლირება აუცილებლობას არ წარმოადგენს. თანასოფლელები მას თავდებში უდგებიან.
პაატა მაჭარაშვილი ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენლის შვილი ორი დღის წინ სანადირო თოფით დაჭრა. 31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევას წინ მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.