ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში.
არჩევნები 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.
საკრებულოს წევრის შესარჩევად სამი კანდიდატია წარდგენილი. ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი.
გარდა ლაგოდეხისა, შუალედური არჩევნები მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება.
საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.
მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ლაგოდეხში: მალხაზ მელაშვილი – „ევროპული საქართველო“, დავით ბეგლარიშვილი – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, ომარ შველიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ადიგენში: ზურაბ ფეიქრიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მარტვილში: რობერტ კაკულია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.