გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი მიმდინარეობს
გურჯაანში, ახტალის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალის ფარგლებში, დღის განმავლობაში ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენასთან ერთად მოეწყობა ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ფესტივალი რეგიონში კულინარიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს.
პარალელურად, 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. დასკვნით ნაწილში კი Bocuse d’Or ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.