ლაგოდეხის ნაკრძალში ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ ხორციელდება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ განხორციელდა.
ღონისძიებაში ამ დრომდე მონაწილეობა 50-ზე მეტმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდამ მიიღო. აღნიშნული ეკოაქტივობის განხორციელების იდეა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორს, გიორგი სულამანიძეს და მაჟორიტარ პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილს ეკუთვნით.
გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ წარმოადგენს შეერთებული შტატების და შვედეთის ეროვნული პარკების ეკოსაგანმანათლებლო პროგრამას და ის ცნობილია როგორც ,,ჯუნიორ რეინჯერი“ (Junior ranger) რომლის ანალოგი საქართველოში პირველად სწორედ ლაგოდეხში შეიქმნა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი სულამანიძის თქმით, პროექტმა ლაგოდეხელ ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
,,ახალგაზრდა რეინჯერმა“ უამრავი ახალგაზრდა დააინტერესა და ისინი გარემოს დაცვის იდეის ირგვლივ გააერთიანა. აქტივობაში მონაწილეობა ამ დრომდე 50-ზე მეტმა ახალგაზრდა ეკოაქტივისტმა მიიღო”,- განაცხადა გიორგი სულამანიძემ.
აქტივობა წინასწარ განსაზღვრულ რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს და მოიცავს ლექციებს როგორც რეინჯერის ფუნქცია-მოვალეობების, ასევე დაცული ტერიტორიების, მისი მნიშვნელობის, ხემცენარეებისა თუ ცხოველების შესახებ.
მეორე კომპონენტი კი მთლიანად ეთმობა საველე სწავლებას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები 4 საათს ტყის სიღრმეში ატარებენ და უფროსი რეინჯერების დახმარებით ეცნობიან სახანძრო უსაფრთხოებას და ვიზიტორთა ქცევის წესებს, ფოტომახეების დაყენების, კარვების გაშლის, ხემცენარეების გარჩევის, ცხოველთა კვალის მიგნების ხერხებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის № 2 სკოლის მოსწავლე ანა ჩალაძე პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი შეფასებით ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ ეკოაქტივობა.
,,პირადად ჩემთვის და სხვა ახალგაზრდებისთვის, ეს იყო დაუვიწყარი დღე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა როგორც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, მის მდიდარ ეკოსისტემაზე, ასევე ზოგადად გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. მე ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ ვარ და მზად ვარ ყოველდღიურად ვიზრუნო ბუნების დაცვაზე”,- აცხადებს ანა ჩალაძე.
როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა ,,ახალგაზრდა რეინჯერს“ არ ჰქონდეს მხოლოდ ცალკეული აქტივობის სახე და ის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ეკოსაგანმანათლებლო პროგრამად გადაიქცეს.