ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
კახეთის რეგიონში, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძეს თქმით, ის აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორთან ერთად ბაკურციხე-წნორის გზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მისი ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა დაახლოებით 16 კმ. სიგრძის იქნება.
,,ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს.
არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.