არჩევნებისტატიები

27 ოქტომბერს ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ლაგოდეხის საკრებულოს შუალედური არჩევნები აფენის თემში ოთხ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს უფლებამოსილება საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა, რის შემდეგაც დაინიშნა შუალედური არჩევნები.

შუალედური არჩევნებისთვის აფენის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამმა პარტიამ წარადგინა:

,,ქართული ოცნების” კანდიდატია ომარ შველიძე, ,,ევროპული საქართველოდან” კენჭს მალხაზ მელაშვილი იყრის, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” წარადგინა.

სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სივრცეების შექმმნა, ჩართულობის გაზრდა, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პირდებიან.

,,ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი მალხაზ მელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს და საარჩევნო პროგრამას აცნობს.

,, კარგად ვიცნობ არსებულ პრობლემებს. კანდიდატად დასახელების დღიდან, აქტიურად ვხვდები მოსახლეობას, დავდივარ კარდაკარ და ვაცნობ ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს.
ჩემი ძირითადი დაპირებებია სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ნაგვის ჩასაყრელად ურნები არ დგას სოფელში და ამ საკითხის მოგვარება, ასევე საძოვრების პრობლემის მოგვარება და სხვა. გამარჯვების შემთხვევაში ამ საკითხებზე აქტიურად ვიმუშავებ”,- განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მელაშვილმა.

არჩევნებში სოფელ აფენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი მაცხოვრებელი, 27 წლის ომარ შველიძე წარადგინა.

შველიძე პროფესიით სატრანსპორტო ინჟინერია. წლების განმავლობაში ის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის სოფელში არსებული პრობლემების შესახებ საკრებულოში საკითხების ინიცირებას და მის მოსაგვარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.

,,2016 წლიდან 2019 წლამდე ვიყავი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ლაგოდეხში. ვარ სოფლის მკვიდრი და კარგად ვიცნობ არსებულ პრობლემებს.
გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ამ საკითხების უშუალოდ მიტანას და აქტიურად მუშაობას, სანამ არ აღმოიფხვრება. ამასთან, ახალგაზრდული კუთხით აქტიურად ვიმუშავებ. მაქვს ამ კუთხით გამოცდილებაც: სხვადახვა სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებაში აქტიურად ვმონაწილეობდი.
ქართული ოცნების კანდიდატი აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში 2 წლიანი მუშაობის პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებს. ჩემი მიზანია, რომ სოფელი აფენი იყოს ერთ-ერთი წარმატებული,- განუცხადა knews.ge-ს ომარ შველიძემ.

მესამე კანდიდატი კი დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” წარადგინა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირება ვერ მოვახერხთ.

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა ქოიავას განცხადებით, დავით ბეგლარაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში არ აქტიურობს და მოსახლეობასთანაც არ მართავს შეხვედრებს.

,,მართალია წარვადგინეთ კანდიდატად დავით ბეგლარაშვილი, მაგრამ არააქტიური კანდიდატია. ის მუშაობს ,,ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატის დასახმარებლად’’,- განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ქოიავამ.

ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება. კენჭისყრის დღეს სოფელ ჭაბუკიანში 2, აფენში 1 და გვიმრიანში 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი სოფელში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.

საკრებულოს წევრის შესარჩევად სამი კანდიდატია წარდგენილი. ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.