ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა თელავში შეხვედრა გამართა
,,პროგრესი რომელსაც საქართველომ მიაღწია არის მნიშვნელოვანი. ეს აღნიშნეს ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტუმრობდნენ საქართველოს ოქტომბრის თვეში. ისინი საქართველოს მოუწოდებენ, რომ არ დასჯერდნენ მიღწეულ შედეგს და გააგრძელონ პროგრესისკენ სვლა.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ის მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივი სცეს იმ 5 პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც შედგა 2008 წელს”,-განუცხადა knews.ge-ს როსარია პუგლისმა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, მსგავსი სახის დისკუსიების ჩატარება, სადაც საუბარი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,შეხვედრა ემსახურება იმას, რომ უშუალო დისკუსია გაიმართოს თუ სად ვიმყოფებით დღეს ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რა გამოწვევები გვაქვს, რა კონკრეტული მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და ნატოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში.
სულ ისმის კითხვა, რომ როდის დადგება ის დღე როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, მე მიმაჩნია რომ ძალიან რთულია კონკრეტული თარიღის თქმა, მაგრამ ის პროცესი რაც მიმდინარეობს დღეს და ის ნაბიჯები რაც იდგმება ხელისუფლების მხრიდან, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე ეს თარიღი ვერ დადგება”,- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნატოს დღეები, რომელიც საქართველოში მეთორმეტედ იმართება, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და ნატო საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.
ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
https://www.youtube.com/watch?v=V_FBVN02wGo&t=6s&fbclid=IwAR00mS5mTPTQVEmR-o118nRv0qT_h-_-1Q9OC8OzMRBo3nZ-ieEG382QKlQ