ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ტურისტი ხევში ჩავარდა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ტურისტი ხევში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა.
თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.