მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემას გეგმავს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემას გეგმავს.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებთ მთავრობა თვოთმმართველობებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
,,ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იგეგმება მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას’’,– განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში გია ტოკლიკიშვილი, განმარტავს, რომ თვითმმართველობებისთვის ქონებრივი და ფინანსური დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.
,,თუ მუნიციპალიტეტებს ვაძლევთ დამატებით უფლებამოსილებებს, ბუნებრივია ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაბამისი ფინანსური რესურსით და იმ ქონებით რომელიც ამ უფლებამოსილების განხორციელებას ესაჭიროება.
ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა იცოდნენ რა რაოდენობის მიწას ფლობენ, ჰქონდეთ საკუთრებაში როგორც არასასოფლო მიწები, ისე საძოვრები. ეს მათ დაეხმარებათ უკეთესად დაგეგმონ თავისი საქმიანობა და ხელი შეუწყონ არამარტო თავის მუნიციპალიტეტში არამედ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროცესს’’,– განაცხადა გია ტოკლიკიშვილმა.
აღნიშნულ საკითხს დადებითად აფასებენ თვითმმართველობების წარმომადგენლები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია შაოშვილი განმარტავს, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია მუნიციპალიტეტებს განვითარების შესაძლებლობას მიცემს.
,,მუნიციპალიტეტის ქონებრივი დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს ადგილზე არსებული ქონების განკარგვას და მერიას არ მოუწევს ნებართვების მისაღებად სხვადასხვა უწყებების დალოდება. საბოლოოდ კი ეს ხელსა შეუწყობს რეგიონის და თვითმმართველობების გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია შემუშავდა და ეს საკითხებიც არის გათვალისწინებული”,-განუცხადა kNEWS.GE-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოადგილემ გია შაოშვილმა.