სოფელ ჩაილურში მცხოვრები ფერმერები ხელისუფლებას რუსული ბაზრის შენარჩუნებას სთხოვენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას რუსული ბაზრის შენარჩუნებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მოყვანილი ხილს, ყურეძნსა და ღვინოს რუსულ ბაზარზე ყიდიან. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ბაზარზე პროდუქტის გატანა არ შეეძლებათ, ისინი პროდუქციის რეალიზაციას ვეღარ შეძლებენ.
,,ღვინის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში გადის და ამ ბაზრის დაკარგვა ყურძენზე ფასის კლებას გამოიწვევს. შეიძლება არ გვსიამოვნებს რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რომ დაიკეტოს ბაზარი და ვერაფრის გატანა ვეღარ შევძლოთ, მოსავალი გაგვიფუჭდება და ვეღარ გავყიდით.
ვითხოვთ, მთავრობამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ რუსეთის ბაზარზე ისევ შევძლოთ პროდუქტის გატანა’’, – აცხადებენ აქციის მონაწილე ფერმერები.
ფერმერი ჯიმი ჯიმშელაძე რუსეთის ბაზრის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ფერმერი მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ფერმერებს რუსეთში პროდუქცია გაცილებით მარტივად გააქვთ. მისივე თქმით, რუუსლი ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში ფერმერები სერიოზული ფინანსური ზარალის წინაშე აღმოჩნდებიან.
,,წლებია ყურძენს, ხილს და ღვინოს რუსეთის ბაზარზე ვყიდით. მისი დაკარგვა ან პროდუქციის გატანაზე დაწესებული შეზღუდვები ჩვენ დაგვაზარალებს. პროდუქციას ვეღარ გავყიდით და ამდენ შრომასაც აზრი არ ექნება ‘’,- აცხადებს ჯიმი ჯიმშელაძე.
აქციის მონაწილეები კახეთის გუბერნატორსა და პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძეს შეხვდნენ. ირაკლი ქადაგიშვილმა ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში გურჯაანში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ფერმერებსა და აგროტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და აღნიშნულ საკითხს მათთან ერთად განიხილავენ.
,,მოსახლეობა საუბრობს იმ შესაძლო რისკებზე, რასაც შეიძლება ბაზრების დაკარგვა მოყვეს. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ხელისუფლება და ის მინისტრები, რომლებიც ამ პოლიტიკის განმახორციელებელები არიან, შეხვდებიან მოსახლეობას. რამდენიმე დღეში დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის და ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი გურჯაანში, სადაც ისინი მევენახეებს და აგროტურისტული მიმართულებით დასაქმებულებს შეხვდებიან და ყველა მნიშვნელოვან საკითხს მათთან ერთად განიხილავენ’’,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.