რა ეტაპზეა აქციაზე დაკავებული თელაველების საქმე
20 ივნისის აქციაზე ,,რუსეთი ოკუპანტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
დაკავებულთა შორის ორი თელაველი ახალგაზრდა იყო, საიდანაც ერთს 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მეორე კი სასამართლო სხდომას ელოდება.
აქციაზე ღამით თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძე დააკავეს. ის ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, დაზიანებები დაკავებისას პოლიციელების მხრიდან მიიღო.
,,რადგან სტაციონარი დამჭირდა და მკურნალობა, გადაყვანილი ვიყავი ჰოსპიტალში და ჩამიტარდა გამოკვლევები. მარცხენა თვალი და თვალის გარსი მაქვს დაზიანებული, ასევე მუცლის ღრუს შიდა და გარე დაჟეჟილობები.
ამ ეტაპზე ხელწერილით ვარ გათავისუფლებული და დანიშნული მაქვს მკურნალობა. სასამართლო სავარაუდოდ მოგვიანებით გაიმართება დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.
ჩემი მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლონა. დაზიანებები მივიღე დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
დაკავებულების სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ დაკავებულებს შორის 3 კახელია.
,,საია იცავს დაკავებული აქციის მონაწილეების ინტერესებს სასამართლოში. ველოდებით ნიკოლოზ შარვაშიძეს სასამართლო პროცესს. როდის ჩაინიშნება ჯერ არ ვიცით.
რაც შეეხება თელავის მკვიდრ გოჩა კონჭოშვილს, რომელიც ნიკოლოზ შარვაშიძესთან ერთად დააკავეს, მისი სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. მას 12 დღიანი პატიმრობა მიესაჯა და ახლა ის ზესტაფონში იზოლატოში იმყოფება. აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენი ადვოკატები დღეს გაასაჩივრებენ’’,- განუცხადა Knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა
თელავში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია მოხდეს ადგილობრივი აქტიური მოქალაქეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ გაერთიანებების ერთიან ხედვაზე შეჯერება და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად სხვადასხცა ღონისძიებების განხორციელება.
,,თელავში მოქმედ არასამთავროებს და ნებისმიერ პირს მივმართავ, მათ ვისთვისაც სულ ერთი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის მიდგომები. 21 ივნისის ღამეს სრულიად უდანაშაულო ხალხი დააკავა პოლიციამ და სცემა.
მათ უმეტესობას ყოველგვარი გამოძიების გარეშე ბრალი წარუდგინა პროკურატურამ, ხოლო სასამართლომ ყოველგვარი განხილვისა და საკითხში ჩაძიების გარეშე მიუსაჯა 12-13 დღიანი პატიმრობები. ზოგიერთ მათგანს კი სასამართლო წინ ელის.
აუცილებელია შევიკრიბოთ, დავსხდეთ და გასავრცელებელი განცხადების ტექსტი შევიმუშავოთ’’,- განაცხადა ,,სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჭედლიშვილმა.
ფოტო: გიორგი გოგუა