ECG-ის ფესტივალზე მოკლემიტრაჟიან ფილმში საუკეთესო კაცი მსახიობის პრიზი ზურა პირველმა მიიღო
Eurasian Creative Guild-ის (London) კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიან ფილმში კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ქართველმა მსახიობმა ზურა პირველმა მიიღო.
კინოფესტივალი ლონდონში, 6-10 ივნისს ჩატარდა. ქართველ მსახიობს პრიზი ფრანგულ-ქართული პროექტისთვის Behind The Doors (კარს მიღმა) გადაეცა.
ფილმის მთავარი გმირი, მხატვარი ფრედერიკი, პატიმარია გაურკვეველი ეპოქის გაურკვეველ ქვეყანაში. მის გვერდით საკანში დამწყვდეულია მუნჯი მუსიკოსი (უხილავი პერსონაჟი).
ფრედერიკი დაბრკოლებების მიუხედავად საკნის კედელზე ხატავს თავის მოგონებებს, მიზანს და ოცნებას თავისუფლებაზე.
ფილმის რეჟისორია ნიკა ქურდაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. ფილმის გადაღება 2017 წლის ზაფხულში, პარიზსა და სან კადოში მიმდინარეობდა.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პრიზის მოგება. მოგეხსენებათ უცხოეთში ვცხოვრობ, სპექტაკლებში ვთამაშობ ხან პოლონეთში ხან საფრანგეთში, მაგრამ როცა ასეთ პრიზს იღებ, ალბათ ამას მოყვება გაგრძელება. ბევრი რეჟისორი შეიძლება დაინტერესდეს ჩემით და ამ მხრივ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პრიზს ჩემთვის”,– განუცხადა knews.ge-ს ზურა პირველმა.
Eurasian Creative Guild-ის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი კაცის პრიზიორი, ქართველი მსახობი ზურა პირველი 14 წელზე მეტია, პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს. 2017-2018 წელს ის საფრანგეთში მიწვევით თამაშობდა სპექტაკლებში.
ევრაზიის შემოქმედებითი გილდია აქამდე ლონდონში ფოტო და ლიტერატურულ კონკურსებს ატარებდა. კინოფესტივალი წელს პირველად გაიმართა.