40 წლის მამაკაცი ლაგოდეხში არასრულწლოვანის გაუპატიურებას უარყოფს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 40 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებას გამორიცხავს. ის ასევე სიცრუეს უწოდებს 16 წლის გოგოს ოჯახის ბრალდებას, რომ მან მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა.
40 წლის მამაკაცი ირწმუნება, რომ არასრულწლოვნის ოჯახმა, მშობიარობიდან მეორე დღეს 10 ათასი ლარი მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი გაუპატიურების დაბრალებით და ჩივილით დაემუქრნენ.
„მეზობლები ვართ, პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა მაგაზე, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ, პოლიციაში ვიარო, მზად ვარ, დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია, მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია, ამას როგორ გავაკეთებდი, ნათესავები ვართ. მაგის ძმა მე მოვნათლე. იმასაც მაბრალებენ, რომ მე ჩემს 14 წლის ბიჭზე შევთავაზე დაქორწინება გაჩუმების სანაცვლოდ“, – აცხადებს 40 წლის მამაკაცი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონა, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
არასრულწლოვანის ოაჯხის მტკიცებით, გოგონას დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილმა თავის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლია ხუროშვილის თქმით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. მე-11 კლასის მოსწავლემ იმ დღესვე იმშობიარა.
ლია ხუროშვილის აცხადებს, რომ გოგონას ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არასრულწლოვანთან ერთი წლის ინტერვალით ორჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მან არც მშობლებს და არც სამართალდამცველებს არ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.
უწყებაში განმარტავენ, რომ ბავშვის მამის დადგენის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი