ახალი ამბებისტატიები

კვება უფასო სასადილოებში

თბილისში 40 446 ადამიანი უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 2 მილიონი ლარით გაიზარდა, სასადილოში საკვებს ყველა მსურველი მაინც ვერ იღებს.

დედაქალაქის მასშტაბით 4 992 ადამიანი სათადარიგო სიაშია რეგისტრირებული და დღიური ულუფის მისაღებად თავის რიგს ელოდება.

უფასო სასადილოებში საკვების მიღება სოციალურად დაუცველ პირებს დღეში ერთხელ შეუძლიათ. ისიც მხოლოდ მათ, ვინც ძირითად ან დამატებით სიაშია რეგისტრირებული. დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ საკვები დარჩება. ხოლო სათადარიგო სიებში რეგისტრირებულები ამ უფლებით არ სარგებლობენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 1.30 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის სასადილოს კომუნალური გადასახადები, იჯარა, თანამშრომლების ხელფასი და სხვა ხარჯები. შესაბამისად, უშუალოდ კვებისთვის უფრო ნაკლები რჩება.

მათი ნაწილი, ვინც უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობს, ამბობს, რომ ხშირად შეთავაზებული საკვებიდან მხოლოდ პურს მიირთმევს. ამის მიზეზად ბენეფიციარები სასადილოს საკვების დაბალ ხარისხსა და მცირე რაოდენობას ასახელებენ. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ხშირად სასადილოდან მოტანილ საკვებს ინგრედიენტები თავად უნდა დაუმატონ, რათა კერძს გემო და კალორიულობა ჰქონდეს. ბენეფიციარების თქმით, მათ, უმეტესად, ეს დამატებითი პროდუქტები არ აქვთ.

იხილეთ ვრცლად მასალა;

https://spark.adobe.com/page/5hfwTQRqe7j7r/