ინვესტორი – პანკისის მოსახლეობას ჰესის აშენებაზე პრეტენზია არ ჰქონდა
კომპანია “ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, რომ პანკისში ცნობილი სახეების გამოჩენამდე, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჰესების აშენების წინააღმდეგები არიან, ადგილობრივებს არ ჰქონდათ პრეტენზია.
მისივე თქმით, “ხადორი 3”-მა ყველა შესაბამისი ნებართვა აიღო და 2016 წლის შემდეგ საჯარო განხილვებიც ჩატარდა.
“ჰესმა გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა, ჩატარდა შესაბამისი განხილვები, მივიღეთ შენიშვნები გარემოს დაცვის სამინისტროსგან. ეს არის პროცედურა, რომელიც ყოველთვის წინ უსწრებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
ჩვენ 2018 წლის დასაწყისისთვის დავიწყეთ ჰესის მშენებლობა; როდესაც დავიწყეთ მილების შეტანა, არანაირი პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა, ვიდრე არ გამოჩნდენ ის ცნობილი სახეები, რომლებიც ყოველთვის ყველა ჰიდროელექტროსადგურის შენების დროს ჩნდებიან, იქნება ეს ხუდონი თუ სხვა.
ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც დაიწყეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და საკმაოდ სერიოზული პროტესტიც გამოიწვიეს”, – განაცხადა ლაა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ პროტესტის შემდეგ მშენებლობა 13 თვით შეჩერდა და ამ ხნის განმავლობაში ინვესტორი კომპანია მოსახლეობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
„ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს. ჰესის მშენებლობა 12 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 21 აპრილს უნდა განახლებულიყო, რამაც მოსახლეობას უკმაყოფილება გამოიწვია. ხეობაში მდგომარეობა სპეცრაზმის შესვლის შემდეგ გამწვავდა, რის შედეგადაც სამართალდამცავები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის – 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.