სოლიდარობა პანკისს – საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქცია გაიმართება
,,სოლიდარობა პანკისს” – დღეს სხვადასხვა ქალაქში აქცია გაიმართება. მოქალაქეებმა აქცია დაანონსეს დღეს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთანაც.
აქციის მონაწილეები პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
,,21 აპრილს, დილით პანკისის ხეობაში ჰესების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს. მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ.
ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია, უარი თქვა პროტესტის მონაწილეებთან დისკუსიაზე და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა.
ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. სამართალდამცველთა დამატებითი ძალები ამ დრომდე რჩებიან პანკისის ხეობაში. მცირე პროვოკაციას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ვფიქრობდით, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლება ოდნავ მაინც მოეგებოდა გონს და ძალის გამოყენებაზე დროებით მაინც იტყოდა უარს. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. მთავრობა და ბიზნესი ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობის გაუგებარი, მოსახლეობისთვის მიუღებელი, ანტიეკოლოგიური პროექტის ბოლომდე გასატანად ყველაფერზე წასვლას გეგმავს.
ვიკრიბებით დღეს, 19 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რათა ხელისუფლებას ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება მოვთხოვოთ. არა ძალადობას! არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას! სოლიდარობა პანკისის ხეობას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.