დავითაშვილი – გარკვეული ძალები პანკისის ხეობის მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან
გარკვეული ძალები პანკისის ხეობის მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფელ დუისში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ბევრ საკითხს, მათ შორის პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხს განიხილავენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, კახეთის გუბერანტორი და თვითმმართველობის წევრები დღეს, პანკისის ხეობის ახალგაზრდობის, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა სოფელ დუისის კულტურის სახლში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოსახლეობას სხვადასხვა სამინისტროს მიმართ ჰქონდა კითხვები, რომლებსაც დღეს პასუხი გაეცემა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი