წინანდალში სამორინეს მოწყობისას კომპანია 5 მლნ-იან სანებართვო მოსაკრებელს აღარ გადაიხდის
წინანდალში სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ მთავრობის 29 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, დადგენილების თანახმად, ცვლილება შედის „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში.
დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდა.
რაც შეეხება სანებართვო მოსაკრებლის წლიურ განაკვეთს ის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 5 მლნ ლარს შეადგენს.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გარდა სოფელ წინანდალისა, საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის დადგენილებით, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის დასაწყებად ან დაწესებულების გასახსნელად კომპანია მოსაკრებელს გადაიხდის.