თელავის სასამართლოში ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ელბრუზ სულეიმანოვის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომა დახურული იყო.
პერიმეტრზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ დაკავებულის ახლობლებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი 108-ე და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით აქვს წარდგენილი.
19 წლის რადიმ ყურბანოვი მიმდინარე წლის 1 თებერვალს მოკლეს. მას თანასოფლელმა ელბრუზ სულეიმანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სოფელ ყარაჯალას მეჩეთთან ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი