რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კახეთში დამატებით კიდევ 6 პროექტი განხორციელდება
კახეთის რეგიონში რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით კიდევ 6 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კერძოდ, ყვარელში დამატებით 2, ახმეტაში 1, თელავში ერთი და დედოფლისწყაროში 2 პროექტი განხორციელდება.
„რეგფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტს 2 პროექტის განსახორციელებლად 1 მილიონ 501 ათასი ლარი დაემატა. კერძოდ, სოფელ გავაზაში სკოლის მიმდინარე გზის მოასფალტებაა დაგეგმილი, სოფელ ალმატაში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
ამავე ფონდიდან ახმეტის მუნციპალიტეტს დამატებით 1 პროექტის განსახორციელებლად 695 972 ლარი გამოეყო. კერძოდ, ქალაქ ახმეტის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ასევე, დამატებითი თანხა გამოეყო თელავის მუნიციპალიტეტს 1 პროექტის განხორცილებისთვის. კერძოდ, სოფელ რუისპირში სასმელი წყლის მაგისტრალისა და შიდა ქსელების რეაბილიტაციას 375 174 ლარი მოხმარდება.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, რეგფონდიდან 2 პროექტის განსახორციელებლად 385 017 ლარი დაემატა. კერძოდ, აღნიშნული თანხით ქალაქ დედოფლისწყაროში და სოფელ ხორნაბუჯში გარეგანათება მოეწყობა. გარდა ამისა, ქალაქ დედოფლისწყაროში ბარათაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი