სიღნაღის მერიაში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სამსახურის მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსებას იწყებს.
სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს, რომელთაც სრული გადასახდელი თანხის 50%-ს მერია დაუფარავს. სტუდენტის მაქსიმალური ასაკი 26 წელია.
მერიაში განმარტავენ, რომ სტუდენტი უნდა სწავლობდეს აკრედიტირებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში, თანადაფინანსება კი არ უნდა აღემატებოდეს 1125 ლარს.
,,პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: განცხადება მერის სახელზე; სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ობოლი ბავშვის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ასევე უნდა წარმოადგინონ მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ; მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.