დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარტიის ლიდერები მოსამართლეს მიკერძოებაში და უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ.
დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა. კონდახიშვილმა ასევე 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ წერილიც წარადგინა.
დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არიდებდა.
ბრალდების მხარის განმარტებით, პარლამენტარების თავდებობა ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის აცილებას, რადგან აქციაზე დეპუტატების ყოფნა ვერ გახდა კირკიტაძისთვის შემაკავებელი.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე გასული წლი 17 დეკემბერს დააკავეს.