მირზაანში ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდი მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ ქალთა ჩართულობის მიმართულებით რჩება გამოწვევები.
“ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობა და წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით როგორც საგანმანათლებლო ასევე კულტურულ დაწესებულებებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება იმართება.
ამ მიზნით ვესტუმრეთ დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანს, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმს, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტარებთან ერთად. ეს სასიხარულოა, რომ ჩვენს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს, სადაც, ძირითადად, ბოლო საუკუნის მანძილზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ისტორიას მიმოვიხილავთ და ასევე ვსაუბრობთ იმ უნიკალურ ტრადიციაზე, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის ქალთა მონაწილეობას ეფუძნება.
ბუნებრივია, რჩება გამოწვევები, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობა და წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, ეს მიზნები ეტაპობრივად მიიღწევა “, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.