სოფელ კურდღელაურში მესტვირიშვილების ოჯახის სახლიდან გამოსახლების პროცესი 1 თვით შეჩერდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მესტვირიშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი 1 თვით შეჩერდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “კახეთის ხმას” ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ნიკოლოზ ვარდოშვილის ინფორმაციით, ოჯახმა კერძო მევახშისგან 8000 ლარი ისესხა, თუმცა ახლა ის მესტვირიშვილებს 15000 ლარის გადახდას სთხოვს.
“მესტვირიშვილების 11 სულიანმა ოჯახმა კერძო მევახშისგან ისესხა 8000 ლარი, 4000 ლარი უკვე გადაიხადეს. ეხლა მევახშე მათ დამატებით კიდევ 15000 ლარის გადახდას სთხოვს. დღეს 11 სულიანი ოჯახის გამოსასახლებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მოვიდნენ. რომ არა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, 11 სულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩებოდა. მინდა გავახსენო ბიძინა ივანიშვილს, რა იყო მისი დაპირება 2012 წელს. მინდა გავახსენო ხელისუფლებას, როგორი იყო მათი პათოსი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომ მათ ესმით ხალხის გულისწყრომის. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ ესმის მესტვირიშვილების ოჯახის ხმა. 11 სულიან ოჯახს 15 000 ლარის გადასახდელად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 1 თვე მისცა”, – განაცხადა ვარდოშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი