ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

ახმეტის #3 საბავშვო ბაღი იხურება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მე-3 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. მერიაში განმარტავენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულების დახურვის მიზეზი შენობაში შექმნილი მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლად თვითმმართველობას ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზაზა მიგრიაული განმარტავს, რომ საბავშვო ბაღი ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, დაწესებულება მომუშავე პერსონალთან ერთად მე-2 სააღმზრდელო დაწესებულებას შეუერთდება, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
,,შენობას სჭირდება რემონტი, რისთვისაც საჭიროა ფინანსები. ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტში ეს თანხა. მე-2 საბავშვო ბაღი კი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს, დაუტვირთავია. ასევე, ბაღებს შორის მანძილი 200 მეტრია და მშობლებს არ ექნებათ ბავშვების ტარების პრობლემა‘’,- განუცხადა knews.ge-ს ზაზა მიგრიაულმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას #3 ბაღის შენობის გასარემონტებლად ხარჯთაღრიცხვა არ შეუდგენია და მისი გაუქმების გადაწყვეტილება ისე მიიღო.
,,ბაღის შენობა 90-იან წლებშია აშენებული თუმცა არ არის ავარიული. მას სჭირდება რემონტი. კარ-ფანჯრები, ჭერი და არსებული კომუნიკაციები გამოსაცვლელია. ამ ბაღის შენობა არის ყველაზე მეტად პროფილური ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღებს შორის. ზოგადად, ბაღები განთავსებულია ყოფილი საავადმყოფოს ან სხვა არაპროფილურ შენობებში. მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციისთვის თანხები არ აქვთ, თუმცა არავის არ დაუთვლია ხარჯები. შენობა ორფლიგელიანია და ამ ეტაპისთვის ერთი ფლიგელი რომ გარემონტებულიყო საკმარისი იქნებოდა’’,– განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ბაღმა ფუნქციონირება არ შეწყვიტოს, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.
,,ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ბაღი არ დაიხუროს და არ გასხვისდეს.’’