ახალი ამბები

ზაქარია ქინქლაძეს ბრალი წაუყენეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსს ბრალი წაუყენეს.

ზაქარია ქინქლაძეს გამოძიება 2500 ლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, თუმცა ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლო ქინქლაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. ქინქლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 თებერვალს დააკავა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანმამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსის, ზაქარია ქინქლაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისი შვილის, ლევან ქინქლაძის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს სუს-ის თანამშრომლებმა 1000 ლარამდე თანხა და სანადირო თოფი ამოიღეს.
ქინქლაძის წინააღმდეგ გამოძიება ქრთამის აღებისა ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი