ყვარელში ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს
ყვარელში პროექტის – „ევროკავშირის წყლის ინიციატივა – პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ჯინჭარაძემ დაინტერესებული მხარეებს ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები წარუდგინა.
,,შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ალაზანი-იორის აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იდენტიფიცირდა. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ალაზანი-იორის აუზში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ”,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე, ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.