ახალი ამბები

სკოლამდელი განათლებისთვის თელავის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 695 ათასი ლარი გამოიყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში წარმოადგენს აღმზრდელების გადამზადების საკითხი, აგრეთვე სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა, რაც უპირველესია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის.

„სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას, მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია – ექსპლოატაციის ღონისძიებები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება „მერების შეთანხმების“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი (ქ. თელავის №1 ბაგა-ბაღის და სოფ. იყალთოს ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია) ღონისძიებების თანადაფინანსება. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიება“, – აცხადებენ თელავის მერიაში.
თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 31 ბაგა-ბაღი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი