სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები ჩატარდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველა სოფელში, ეტაპობრივად გაიმართება საერთო კრება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა. ჯამში, 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთო კრებებისა და კონსულტაციების ჩატარების გრაფიკი გამოაქვეყნა.
,,18 იანვარს, კრებები ჩატარდება 6 სოფელში – ყარაჯალა 10:30 საათი, რუისპირი 13:00, ახატელი 14:30, იყალთო 15:00, გულგულა 16:00, ვარდისუბანი კი, 17:30 საათი”.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 იანვარს საერთო კრება 3 სოფელშია დაგეგმილი.
“ოთხშაბათს საერთო კრება გაიმართება სოფელ მთისძირში 12 საათზე, სოფელ ბალღოჯიანში 13:30 საათზე, ხოლო სოფელ ახალსოფელში 15 საათზეა დაგეგმილი. საერთო კრებები სოფლების ადმინისტრაციულ შენობებში ჩატარდება”, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი