ახალი ამბები

10 თვის ბავშვის ცხედარი გვიან ღამით სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს

გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ცხედარი გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზად მშობლები H1N1 ვირუსს გამორიცხავენ. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ექიმებმა ბავშვს თავდაპირველად ყვარლის საავადმყოფოში წითელა დაუდგინეს, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს. ნინო ჩახვაშვილის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შვილის მკურნალობას სახლში აგრძელებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ბავშვი ცუდად რომ გახდა, ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ წითელა ჰქონდა. ამის შემდეგ ფილტვების პრობლემა დაეწყო, უკმარისობა და გადავიყვანეთ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, საიდანაც 30 დეკემბერს გაგვწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თბილისიდან გორში ჩავედი ჩემს სოფელში, იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურა დაეცა, მდგომარეობა დასტაბილურდა, კარგად იყო ბავშვი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, არ ვიცი, თუმცა H1N1 ვირუსს გამოვრიცხავ. ვერავის დავადანაშაულებ, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ გავიგებ. ველოდები, რა დასკვნა იქნება,” – განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ ნინო ჩახვაშვილმა.
გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა.
დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ ექიმი, პედიატრი თამილა გოგიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვს თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აღნიშნული კლინიკა გოგონას დედამ თვითნებურად დატოვა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ბავშვი გორის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის და დანიშნულების მიცემის შემდეგ გოგონა მშობელს განმეორებით კონსულტაციაზე უნდა მიეყვანა, თუმცა ბავშვი კლინიკაში აღარ შესულა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფს გამოძახებისას გოგონა გარდაცვლილი დახვდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.