თელავში 103 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა
თელავში, სამხედრო ქალაქში მცხოვრებ 103 ოჯახს ბინები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი ყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.
ადგილობრივებს ბინების დაკანონება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მიულოცეს.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება.
,,ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც აქ ცხოვრობდა და ფაქტობრივად ამ ფართს ფლობდა, სოციალურად დაუცველია. ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის გადაწყვეტილებით ამ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფართი დაუკანონდათ, არ მოეხსნებათ სოციალური შემწეობის მიღება” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნული ბინები აიზომა და განხორციელდა მათი რეგისტრაცია, რის შემდეგაც უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
ავტორები: ნინი ასანაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი