ახალი ამბები

,,წინანდლის მამულში“ ვილები და ბავშვთა პარკი აშენდება

წინანდალში, ,,რადისონ ქოლექშნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვილები და ბავშვთა პარკი აშენდება. 
,,სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის თქმით, ეს იქნება წინანდლის კომპლექსის განვითარების მომდევნო ეტაპი, რომელიც ორ წელში დასრულდება.
მისივე ინფორმაციით, აშენდება 30 ვილა, ბავშვთა პარკი და აუზები, რომელშიც დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
,,ასევე დაგეგმილია სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაც, რომელიც 70 ნომრისგან შედგება. ის, ძირითადად, იმ სტუმრებზე იქნება გათვლილი, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვლენ“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წინანდლის მამულში, 2019 წლის სექტემბრიდან გაიმართება. ის საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
,,ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებს მუსიკალური აკადემია მიიღებს. ჩამოყალიბდება პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.”
წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ამ ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო.
წინანდლის ისტორიულ კომპლექსში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 60 მილიონი დოლარია.