დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო
დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს, – განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა.
გიორგი კონდახაშვილი გუშინ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც კირკიტაძე მოინახულა. კონდახაშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
“მას ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან.
მიგვაჩნია, რომ ადამიანს როდესაც უზღუდავ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, ეს არის გადაადგილების, გამოხატვის უფლება და ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკზე თავდასხმაზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არის ზედმეტი. დავითი ბრალს არ აღიარებს“, – აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დავით კირკიტაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურიხეში სასამართლოს განჩინებით დააკავეს. კირკიტაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი