ახალი ამბები

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აქციებს იწყებს

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩატარებისა და საარჩევნო კომისიების თავიდან დაკომპლექტებასა მოთხოვნით ხვალიდან პარლამენტის წინ პერმანენტული აქციები დაიწყება.

„მინდა გამოვეხმაურო გახარიას განცხადებას, ჯერ იმაზე, რომ ვითომ ყვარელზე გზა გახსნილი იყო, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო. როდესაც მივედით და ველისციხეში გაგვაჩერეს და ეს გვითხრეს, ჩვენი მანიფესტაციის მონაწილეების ნაწილი წავიდა და გაეჩხირნენ გრემთან, სადაც ისევე იყო გზა გადაკეტილი როგორც ყველგან. უტიფარი სიცრუეა ეს. გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც გვქონდა წამოყენებული, კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში. მოვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში, იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორი, ყველა იმ პირის დასჯას ვინც გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, აქციები არ შეწყდება არცერთი დღე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, გუშინ იყო მობილიზებული სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებსაც ხელიუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა.

“გუშინ მობილიზებული იყო არნახული რაოდენობა პოლიციის, ვისი მუნდირიც შეურაცხყო ამ ხელისუფლება, გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და იყურებოდნენ გარშემო და ზონდერ ბრიგადები, რომელბმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი. ამისთანა ე.წ. ხელისუფლების ხელში ვიმყოფები. ყველა მეთოდი გადმოღებულია პუტინის რუსეთიდან. როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვს”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი