თელავის მერი – ქვემეხების სროლის დროს მხოლოდ 1 შუშა ნახევრად ჩაიმსხვრა
თელავის მერი გამოეხმაურა გუშინ ინაუგურაციის რეპეტიციის დროს ქვემეხების სროლას. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, გასროლის დროს სოფელ კურდღელაურში მდებარე საცხოვრებელ სახლში მხოლოდ 1 ფანჯრის მინა ნახევრად ჩაიმსხვრა. შოთა ნარეკლიშვილი სიცრუეს უწოდებს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გასროლას მოჰყვა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის მუშების ჩამსხვრევა.
„რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემეხების სროლის გამო ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის მინები. ეს დეზინფორმაციაა. მხოლოდ ერთ საცხოვრებელ სახლშია ჩამსხვრეული ერთი მინა ნახევრად. გუშინ ჩვენი წარმომადგენლები უკვე იყვნენ სოფელში და შეხვდნენ კურდღელაურის მაცხოვრებლებს“, – განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
რუსთავის 2-ის ინფორმაციით, თელავში, ინაუგურაციის რეპეტიციის დროს, ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი სოფელ კურდღელაურში სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები დაამსხვრია.
ადგილობრივები “კურიერთან” საუბრისას ამბობენ, რომ ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რომელსაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.
ინაუგურაციის დღეს თელავში სავარაუდოდ ოთხი ქვემეხიდან გაისვრიან. კახეთის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ქვემეხები ქალაქგარეთ არის განთავსებული.
16 დეკემბერს თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს. ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა