ირაკლი შიოლაშვილი კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამორჩენაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვს
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამორჩენაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვს.
ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ათვისების ასეთი დაბალი ტემპი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აქამდე არ ყოფილა.
შიოლაშვილი მოითხოვს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა ვალდებულება რეგიონალური პროექტების განხორციელება და, შესაბამისად, გამოყოფილი თანხების ათვისებაა.
„ჩემთვის ძალიან გასაკვირი და გულდასაწყვეტი იყო, რომ კახეთის მასშტაბით 35 მილიონიდან მხოლოდ 14 მილიონია ათვისება, რაც, საერთო ჯამში, 42% გამოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ ფული არის და ფიზიკურად სამუშოაები არ სრულდება. ასეთი დაბალი ათვისება არცერთ წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ ყოფილა. აქ ანალიზია გასაკეთებელი და, მათ შორის, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი, რომელთა დაქვემდებარებაში იყო ათვისების საკითხები. რატომ ვერ მივიდა თითოეული მუნიციპალიტეტის, სოფლის მაცხოვრებლამდე კონკრეტული, მილიონიობით ლარის სიკეთე, რაც აუსთვისებელი დარჩა?“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა
მისივე მტკიცებით, გასული წლების ანალოგიურ პერიოდში კახეთში დაგეგმილ პროექტებში თანხების ათვისების მაჩვენებელი 90%–ზე მეტი იყო.
„აქ საუბარია საერთო კოორდინაციაზე, პროფესიონალიზმზე და ყველა მიმართულებაზე, რომელიც კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მოსახლეობამდე მისულიყო ეს სიკეთეები. მე არ გამოვკვეთავ კონკრეტულ პირებს. ანალიზი უნდა გაკეთდეს და ეს იმ ადამიანებმა უნდა გააკეთონ, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ საკითხს, რომ მომავალ წლებში ასეთი პრობლემის წინაშე არ დადგეს ქვეყანა. მათ შორის რეგიონალური განვითარების სამინისტრომ უნდა გააკეთოს სწორი ანალიზი, ასევე, გუბერნატორის ადმინისტრაცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან რეგიონალურ კოორდინაციას ამ ყველაფერს სწორედ გუბერნატორის ადმინისტრაცია უკეთებს. დაველოდები ჩამოთვლილი მიმართულებებიდან იმ უწყებებს, რომელთაც ასეთი დაბალი ათვისება აქვთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის ერთი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს განსაზღვრული თანხების მომდევნო წლებში გადატანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მილიონი ლარით და განისაზღვრება 915 მილიონ 800 000 ლარით.
მიმდინარე წელს რატომ ვერ დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხები, 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტშია განმარტებული.
„2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი