გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოთხოვნის მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომელსაც სესხების განულების პროგრამა შეეხო.
“საარჩევნო კოდექსი პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებას. ჩვენს სარჩელში უამრავი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ კუთხით, რომ რაღაც თაღლითური დაპირება გაიცა 600 000 ამომრჩეველზე. ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. ასევე ყველას კარგად გვახსოვს ხახვები და კარტოფილები, მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ჩვენ სარჩელს ასევე თან ერთვის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემ მიერ ნახსენები ფაქტები დადასტურებულია ამ დასკვნებში”, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიცია მიმართავს პროკურატურასაც და მოითხოვს პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.