ახალი ამბები

ზაზა გაბუნია თვითმმართველობის აკადემიის დაარსების ინიციატივით გამოდის

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე თვითმმართველობის აკადემიის დაარსების ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივა ზაზა გაბუნიამ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმზე წარუდგინა საზოგადოებას. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ევროპულ სტანდარტებს გულისხმობდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მმართველობის სისტემა თავის თავში გულისხმობდეს ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, ამის მაგალითად გამოდგება “უტრეხტის ოქმის” რატიფიკაცია, რომლის ინიცირება უკვე მოვახდინეთ და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საქართველო შეუერთდება რიგით მეორე ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. დღეს კი გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დავაარსოთ თვითმმართველობის აკადემია, რაც არის ევროპული პრაქტიკა და რაც გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში, რადგან ადამიანური რესურსების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმი საქართველოს პარლამენტში გაიმართა და დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითადი საკითხები პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და მთავრობის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების და ექსპერტების მონაწილეობით განიხილეს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი