საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია სავარაუდოდ ორ ადგილას გაიმართება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია სავარაუდოდ ორ ადგილას გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა.
კახი კახიშვილის ინფორმაციით, თელავის გარდა, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად სოფელი წინანდალიც განიხილება.
“ამ ეტაპზე სცენარის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საბოლოო დასტურს იმაზე, თუ ვინ დაესწრება უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ინაუგურაციის დროს ახლად არჩეულ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ მივიდეს და იმ რიტუალურ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ბრძანებულებით იყო გაწერილი. საბოლოო სცენარი გაწერილი არ არის. ის ვიცით, რომ ინაუგურაცია უნდა იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური. ფიცის დადების ცერემონია თელავში იქნება, თუმცა მეორე ნაწილი შესაძლებელია წინანდალი იყოს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფიცის დადების ცერემინიისთვის საჭირო თანხის რაოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სტუმართა ოდენობა და სცენარის საბოლოო ვარიანტი დადგინდება.
“ბიუჯეტი ჯერ არ არის განსაზღვრული. ეს მას შემდეგ დადგინდება, რაც საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა დაზუსტდება“, – აღნიშნა კახიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი