დემოკრატიის ლიდერი ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა
2017 წლის დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს მფლობელი, არჩილ მჭედლიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ჰოლანდიაში. მან მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელსაც ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ყოველწლიურად მართავს.
სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, ინოვაციური დემოკრატიის ფორუმი არის ადგილი, სადაც მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები ერთად იყრიან თავს და საუბრობენ დემოკრატიის გამოწვევებსა და მომავალზე. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და აცნობენ ახალ პროდუქტებს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, თუ მათი ორგანიზაციები იყენებენ.
2018 წლის ფორუმზე განიხილეს დემოკრატიულ პროცესებზე ტექნოლოგიების გავლენა. ექსპერტებმა ფორუმზე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, როგორ უნდა შეეწყოს ხელი მოქალაქეების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დემოკრატიის ლიდერმა არჩილ მჭედლიშვილმა კი ფორუმის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებისა და სამოქალაქო პროტესტი “ცხვარის” შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
,,2017 წლის დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს მფლობელი ვარ, სწორედ ამის ფარგლებში მოეწყო ვიზიტი ჰოლანდიაში. აღნიშნულ კონფერენციაზე განვიხილეთ თანამედროვე დემოკრატიის მიმართ არსებული გამოწვევები. ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე. წლევანდელი ფორუმის ძირითადი მიმართულება იყო კომპიუტერული პროგრამების დახმარებით მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა, მათი ინიციატივების ხელშეწყობა და სხვა. მე პირადად მომეწონა რამდენიმე ინიციატივა და ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც და საქმიანობაში აუცილებლად გამოვიყენებ. ეს იქნება მიმართული ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მოქალაქეების გააქტიურებაზე, მათი ინიციატივების ხელშეწყობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა’’, –განუცხადა Knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
ჰოლანდიაში ვიზიტის ფარგლებში მჭედლიშვილი იმყოფებოდა ნიდერლანდების პოლიტიკურ ცენტრში, ჰააგაში. პროდემოსის მიერ ორგანიზებული ტურის მეშვეობით კი დემოკრატიის ლიდერმა დაათვალიერა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატა, მოისმინა პარლამენტის ისტორია და გაეცნო ინფორმაციას ჰოლანდიის პოლიტიკური სისტემის შესახებ.
“დემოკრატიის ლიდერის” ჯილდო აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) 2015 წელს დააწესა. დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ყოველწლიური ლიდერის დასახელებით, EECMD ახალისებს მათ, უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძინეს და ამით თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.