თელავის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარი იქნება – რა შენიშვნები აქვთ საკრებულოს დეპუტატებს და მოქალაქეებს?
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარი იქნება. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2018 წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონით არის გაზრდილი.
სახელფასი ფონდი 20 000 ლარით არის შემცირებული და 2 772 000 ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის პროექტით იზრდება სკოლამდელი განათლების, კულტურის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებების დაფინანსება. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. არჩილ თხლაშიძე ფიქრობს, რომ გარკვეული მიმართულებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი და საჭიროა დაფინანსების გაზრდა.
„ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების თანხა 200 000 ლარი არ არის საკმარისი და საჭიროა მისი 300 000 ლარამდე გაზრდა. ჩემი აზრით, ასევე არასაკმარისია სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის განკუთვნილი 30 000 ლარი და უნდა გაიზარდოს 60 000 ლარით. სოციალურ მიმართულებას უნდა დაემატოს რამდენიმე პროგრამა, რისთვისაც თანხა უნდა გამოიყოს. ეპილეფსიის პროგრამის დაფინანსებაც უნდა გაიზარდოს. მთლიანობაში ბიუჯეტი მორგებულია მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
ბიუჯეტის პროექტს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ევროპული საქართველოდან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ლელა მენთეშაშვილი მიიჩნევს, რომ კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გამყოფილი თანხის მიზნობრიობა არ არის გამოკვეთილი.
„კულტურის მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი, თუმცა არ არის ჩაშლილი კონკრეტულად რაში დაიხარჯება ეს თანხა. ამავე დროს ცეკვის კლუბები არის ფასიანი, არადა ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი და ლოგიკურად ეს უნდა იყოს უფასო. მოსახლეობისთვის უნდა იყოს ცნობილი, რატომ იხარჯება საკმაოდ დიდი თანხა. პროექტის განხილვის დროს სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლელა მენთეშაშვილი.
მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ მოქალაქეებსაც. სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი მიუთითებს, რომ ბიუჯეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არ არის გათვალისწინებული ფეხით მოსიარულეების ინტერესები. მჭედლიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვერ პასუხობს მთავარ კითხვას, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი. სამოქალაქო აქტივისტი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შექმნასაც მოითხოვს.
„გზის მშენებლობები მორგებულია ავტომობილებით მოსარგებლეებზე. ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული არც ერთი ტროტუარის მოწყობა. მაშინ როდესაც ქალაქში უამრავი ტროტუარია ამორტიზირებული. ერთადერთი, რაც ფეხითმოსიარულეებისთვის კეთდება, ისიც დაკავშირებულია ავტომობილებთან. საფეხმავლო გზების გაკეთება არსად არ არის ნახსენები. გარდა ამისა, შენიშვნები მაქვს სოციალური დახმარების პროგრამის მიმართულებით. სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის უნარები და შესაძლებლობა, დასაქმებაში უნდა დაეხმაროს მერია. უნდა შეიქმნას დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა. მერიამ უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და დამსაქმებლები. ამისთვის არ არის აუცილებელი ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი თანხა. როდესაც სოციალურად დაუცველი ქმედუნარიანი მოქალაქეები დასაქმდებიან, მათთვის გამყოფილი თანხა გათავისუფლედება და სხვა მიმართულებებზე გადანაწილდება“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას არჩილ მჭედლიშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 21 მილიონი ლარით განისაზღვრება. სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი. ინფასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 6 მილიონ ლარამდე, განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 5 მილიონ ლარამდე. სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 789 ათასი ლარის დახარჯვა. კულტურის და სპორტისა განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 4 მილიონ 569 ათასი ლარი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი