მთავრობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტებში დატოვებას 2025 წლამდე გეგმავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციური და ფინანსური გაძლიერებისთვის, როგორც ადგილზე არსებული ქონების მათ ბალანსზე გადაცემას, ისე საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს განიხილავს.
მისივე თქმით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტებში დატოვება 2025 წლამდე იგეგმება.
არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილი მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან თვითმმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მუნიციპალიტეტებს ცენტრალურ ბიუჯეტზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.
“2019 წელს ის ფორმულა იმუშავებს, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტთან ერთად. სანამ დეცენტრალიზაცია მოხდება, ეს ყველაზე კარგი სისტემაა, რაც შემოთავაზებულია, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის სისტემას თავისი ხარვეზები აქვს – ის იმაზე აწყობილი არ არის, რომ ინდივიდუალურად მუნიციპალიტეტების მიხედვით ზუსტად ვიცოდეთ, სად და რამდენია ეს გადასახადი”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე განმარტებით, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის 19%-ის მუნიციპალიტეტებისთვის განაწილებას ითვალისწინებს, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას მოიცავს და საერთაშორისო ექსპერტებთან შეთანხმებულია.
“მსგავსი ფორმულა ევროპის ქვეყნებშიც მუშაობს, მათ შორის, ჩეხეთს ანალოგიური გამოცდილება აქვს, თუმცა, იმაზეც ვთანხმდებით, რომ საშემოსავლო გადასახადის მუნიციპალიტეტებისთვის დატოვება სამომავლოდ მნიშვნელოვანია და დღგ-ის განაწილებასთან ერთად, დამატებით მოტივაციას ქმნის, ანუ დღგ-ის განაწილების შემთხვევაში მოტივაცია თუ რაღაც x თანხაა, საშემოსავლო გადასახადის ადგილზე დატოვების შემთხვევაში, მოტივაცია, შეიძლება, x+10%, ან x+15% იყოს, თუმცა, ამას მინიმუმ ორი-სამი წელი სჭირდება, რომ ამ მიმართულებით სისტემა ააწყო, რის შემდეგაც შესაძლებელია, ეტაპობრივად, მუნიციპალურ დონეზე საშემოსავლო გადასახადის დატოვება მოხდეს. ეს გრძელვადიანი გეგმაა – 2025 წლამდე გარკვეული ეტაპებია გასავლელი და ერთ-ერთი ეტაპი საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის დატოვებაც იქნება”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან ამოღებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემის მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი.
2019 წელს მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი იცვლება. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობები მომავალ წელს გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადიც სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში წავა, ხოლო თვითმმართველობაში დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დარჩება. 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით განხორციელდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი