გაეროს ინიციატივით კახეთში საგანმანათლებლო ტურნე გაიმართება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ხასიათის ტურნე გაიმართება.
ტურნეს ფარგლებში საგარეჯოში, წნორსა და დუისში ორგანიზაციები ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნს “იავნანა ლილისთვის” და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებულს “იყო ერთი გოგო” წარადგენენ. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში, ბავშვებს ზღაპრებს მწერლები დათო გორგილაძე და ნინია სადღობელაშვილი წაუკითხავენ. ისინი ასევე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრებენ.
,,თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან, როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, თამარ მეფე, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, პოეტი ქალი ხვარამზე და სხვები. კრებულში ნინია სადღობელაშვილის ორი ზღაპარია შესული: „ხვარამზე“ და „სიდონია“. მწერალი აუდიტორიას სწორედ ამ ზღაპრებს წაუკითხავს. ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი „იავნანა ლილისთვის“, რომელსაც პატარებს დათო გორგილაძე წაუკითხავს, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით შეიქმნა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა. გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ტურნე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ეძღვნება, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. პუბლიკაციები გამოიცა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებება 4 დეკემბერს, 14 საათზე, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 17 საათზე კი წნორში, ცოდნის კაფეში ჩატარდება.
საგანმანათლებლო ტურნე გაგრძელდება 5 დეკემბერს დუისის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც სხვადასხვა აქტივობა 14:00 საათზეა დაგეგმილი.