ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შს სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გაემოება გახდა და სანქცია უფრო მკაცრი იქნება.
ამავე ცვლილებებით, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.