გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა
გურჯაანში მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილებები უსამართლოდ მიიჩნიეს და ოლქის თავმჯდომარეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
გურჯაანის მე-12 საოლქო სარჩევნო კომისია არჩევნების დღეს დაწერილ 6 საჩივარს განიხილავდა, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის 27-ე საარჩევნო უბნიდან გაძევების საკითხს, როდესაც ელმირა ბეციაშვილმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შენიშვნა არ გაითვალისწინა და კენჭისყრის ოთახში წესების დარღვევით მოქმედებდა.
,,კომისიამ განხილული საჩივრებიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რომელიც გურჯაანის მე-4 უბანზე ბიულეტენებზე რეგისტრატორების ბეჭდების არქონას უკავშირდებოდა, რაზეც 4 რეგისტრატორს შენიშვნა მიეცა. ოლქში შესულ ადმინისტრაციული ხასიათის სხვა საჩივრების საკითხს კომისია ჯერ კიდევ სწავლობს, რასაც მოგვიანებით განიხილავს”,-განუცხადა knews.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩუთლაშვილმა.