არჩევნებიახალი ამბები

დავით სონღულაშვილი – გიორგი ვაშაძის განცხადება არის პროვოკაცია

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გურჯაანის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აიძულებენ გახსნილი ბიუკეტენი აჩვენონ მმართველი პარტიის წარმომადგენელს. დავით სონღულაშვილი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციად აფასებს.
ეს არის მტკნარი სიცრუე და აბსურდული ბრალდება. ჩვენ არ გვჭირდება ამომრჩევლის ნების კონტროლი, რადგან პირველ ტურში, გურჯაანში დამაჯერებლად მოვიგეთ და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ნაცმოძრაობას დიდი უპირატესობით დავამარცხებთ”, – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონში მოქალაქეებს აიძულებენ, საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე ოპოზიციას შესაბამისი რეაგირება ექნება. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
„მაგალითად, გურჯაანის რაიონში აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ესაა პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით, შეეშვით ამ ძალადობას”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი