რას ელის არჩევნებისგან ყარაჯალაში მცხოვრები მოსახლეობა
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. მოსახლეობის მაწილი უიმედოდ არის განწყობილი და ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება.
მოქალაქეების გარკვეული სეგმენტი კი ფიქრობს, რომ ვითარება შეიცვლება, თუ ქვეყნის ახალ მეთაური აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ახალგაზრდული პრობლემების მოგვარება, სოფლებში სამუშაო ადგილების შექმნა სოფლებში და მათ სოფლების განვითარებაზე ზრუნვა, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული ინიციატივების დაყენება- ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებლები ახალი პრეზიდენტისგან ელიან. ელშან დუნიევი აცხადებს, რომ ახალმა პრეზიდენტმა მთავრობას ისეთი სახის ინიციატივები და პროექტები უნდა წარუდგინოს, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლებას და სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,ახალმა პრეზიდენტმა უნდა იმუშავოს სოფლების განვითარებაზე. მისი ინიციატივით სოფლებში და, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში გაიხსნას სპორტული კომპლექსები, სასწავლო და კულტურის ცენტრები, რომ ადგილზე დასაქმდნენ ახალგაზრდები და საზღვარგარეთ საცხოვრებლად არავინ წავიდეს’’,– განუცხადა knews.ge-ს ელშან დუნიევმა.
ადგილობრივი გოჩა ჩიგიევი კი მიუთითებს, რომ ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე ნაკლებად მუშაობს.
,,თათრებს გვეძახიან, რაც ჩვენთვის ძალიან საწყენია, ასევე ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. სანამ ავირჩევთ ვინმეს, მოდიან და შეხვედრებს აწყობენ ჩვენთან, არჩევნების დასრულების შემდეგ კი თვალით ვერავის ვეღარ ვხედავთ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს არავინ უსმენს. ახალი პრეზიდენტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ მეტად დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით და მის მოგვარებაზე იმუშავებს’’,– ამბობს გოჩა ჩიგიევი.
სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციისა და დასაქმების პრობლემებზე ყურადღებას ამახვილებენ ახალგაზრდები. ლევან ალაზოვი აცხადებს, რომ სოფელს ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ და ოჯახების სარჩენად სამუშაოდ მიდიან უცხო ქვეყანაში.
,,არც სოფელში და არც ქალაქში ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილები არ არის, ამიტომ გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა და ოჯახების ისე რჩენა. ჩემ მსგავსად არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. იძულებულები ვართ, ჩვენი ცოდნა და შესაძლებლობები სხვა ქვეყანაში გამოვიყენოთ, ამიტომ ვითხოვთ, რომ ახალი პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად დაინტერესდეს ახალგაზრდების პრობლემებით და მის მოგვარებაზე იმუშავოს’’,- აღნიშნავს knews.ge-სთან ლევან ალაზოვი.
მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობს ადგილობრივი ჯოხარა ჯადიქარყიზი. მისი თქმით, სოციალური სიდუხჭირის მოგვარებაზე ახალმა პრეზიდენტმა მთავრობასთან ერთად უნდა იმუშავოს.
,,ძალიან უჭირს ხალხს, ყველაფერი ძვირია, პრობლემები კი ბევრი. იმდენად უჭირს ხალხს, რომ არ ვიცით, როგორ გამოვიმუშავოთ საკმარისი საჭმლისთვის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და უნდა მოგვხედოს იმან, ვისაც შეუძლია ამისი მოგვარება’’.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი