ახალი ამბები

გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გურჯაანში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, მაწანწალა ძაღლების საკითხი კახეთის რეგიონში მწვავედ დგას, თავშესაფრის მშენებლობა კი, რომელიც ევროპული სტანდარტის იქნება, ამ კუთხით არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.
„ჩვენ დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან. მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს პერიოდში ტენდერს გამოაცხადებს და 2019 წელს, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 5000 კვ.მ ფართობზე კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი გვექნება. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, 2017 წელს, ძაღლებმა დაახლოებით 326 ადამიანი დაკბინეს. აქედან გამომდინარე ეს პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტს აწუხებს. თავშესაფრის ამოქმედების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაცული იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება და, ამავდროულად, ცხოველები გაივლიან მაღალ საერთაშორისო სტანდარტების პროცედურებს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრის კონცეფცია არასამთავრობო ორგანიზაცია -“სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის” მიერ შეიქმნა და უსასყიდლოდ გადაეცა კახეთის რეგიონს.