ცესკომ მეორე ტური არაუგვიანეს 19 ნოემბერს უნდა დანიშნოს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის ბოლო ვადა 19 ნოემბერს აქვს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს 28 ოქტომბერს გამართული არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შედგენილი აქვს გრაფიკი, თუ რა ვადებში უნდა გამოქვეყნდეს კონკრეტული შედეგები.
კანონმდებლობის მიიხედვით, ცესკო არჩევნების პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, ანუ 17 ნოემბრისა, თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, შედგენისთანავე აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს, ამის შემდეგ ცესკო ვალდებულია, არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაქვეყნოს.
საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების გრაფიკის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის უკანასკნელი ვადა 1 დეკემბერია.
ნატალია ცისკარაშვილი